
Santa Cruz-ის ახალი Blur გამოცემა Pinkbike-ის 2026 წლის XC ჯგუფურ ტესტში მოხვდა. ტესტერის, დარიო დიჯულიოს შეფასებით, ველოსიპედი ერთნაირად კარგად გამოდგა გრძელ გასვლებზეც და სწრაფ, სარბოლო წრეებზეც. XC სეგმენტში ეს ორი თვისება ხშირად ერთმანეთს გამორიცხავს.
Blur ამერიკული ბრენდის ყველაზე სწრაფი კროს-ქანთრი ველოსიპედია. მეხუთე თაობამ უფრო გრძელი, დაბალი და გაშლილი გეომეტრია მიიღო, სვლაც გაიზარდა. ბრენდი ხაზს უსვამს, რომ ახალი Blur მხოლოდ რბოლისთვის არ შექმნილა.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიახლე ჩარჩოს ქვედა მილში ჩაშენებული საცავია. ასეთი გადაწყვეტა აქამდე ძირითადად ტრეილისა და ენდუროს ველოსიპედებზე გვხვდებოდა. ცვლილებებს თავისი ფასი აქვს: ჩარჩო წინა თაობაზე ოდნავ მძიმე გამოვიდა.
Blur ორ ვერსიად იყიდება. პირველი წმინდა სარბოლო XC ველოსიპედია, მეორე კი ბილიკზეა ორიენტირებული: აწეული საჭით, გრძელი დროპერით და მეტად მოჭიდებადი საბურავებით. გერმანული BIKE-ის ტესტში გამოყენებული ტოპ კომპლექტაცია ევროპაში €12,499 ღირს.
Blur-ის ცვლილება უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. XC ველოსიპედები თანდათან „downcountry“-ს უახლოვდება: მყიდველს ერთი მსუბუქი ველოსიპედი უნდა, რომელიც შეჯიბრსაც გაუძლებს და შაბათ-კვირის ბილიკსაც. ბრენდები ამ მოთხოვნას მეტი სვლით, თანამედროვე გეომეტრიითა და პრაქტიკული დეტალებით პასუხობენ.
Pinkbike-ის XC ჯგუფურ ტესტში სხვა ველოსიპედებიც მონაწილეობენ. მათ შორისაა Unno Horn, რომლის მიმოხილვაც გამოცემამ 9 ნოემბერს გამოაქვეყნა.